понедельник, 8 декабря 2008 г.

რატომ დაიწყო ომი

ომის დაწყება ჯერ კიდევ მაისიდან იყო მოსალოდნელი. პრეზიდენტ პუტინის 16 აპრილის ბრძანებულებამ, რომელის თანახმად რუსეთის სახელმწიფო უწყებებს დაევალათ სეპარატისტებთან ოფიციალური კავშირის დამყარება, ცხადყო, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში არსებული მდგომარეობა პრინციპულად შეიცვალა და არასოდეს დაბრუნდება. რუსეთმა გააკეთა არჩევანი _ ქართული რეგიონების ანექსია და საჭირო იყო მისი პრაქტიკული რეალიზება. ეს კი შეუძლებელი იყო 2008 წლის აგვისტომდე არსებულ ვითარებაში. ცხინვალი 75%-ით ქართული გამაგრებული პოზიციების ალყაში იყო, ხოლო აფხაზეთზე რუსეთის კონტროლი ვერასოდეს იქნებოდა სტაბილიური, სანამ ზემო აფხაზეთს საქართველო აკონტროლებდა. ყოველივე ამის გამო რუსეთს აუცილებლად სჭირდებოდა საქართველოს სამხედრო მარცხი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება ზემო აფხაზეთსა და ლიახვის ხეობაში.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი რუსეთი აპირებდა სამხედრო ოპერაციის ჩატარებას საქართველოში, ეს აუცილებლად წელს უნდა მომხდარიყო. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: MAP -ი და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. : MAP-ის მიღება მოსალოდნელი იყო დეკემბერში თუ არა, 2009 წლის აპრილში მაინც. ამის შემდეგ სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ბევრად უფრო დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში გადამწყვეტი იყო ის გარემოება, რომ აშშ-ის ყველა ადმინისტრაცია ძალზე სუსტია მმართველობის ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. ახლადარჩეული აშშ-ის პრეზიდენტისთვის კი მიუღებელი იქნებოდა მმართველობის დაწყებისას საქართველოს - აშშ-ის ერთ-ერთი მოკავშირე სახელმწიფოს რუსეთისაგან განადგურება.
ამ ფაქტორების გამო საქართველოს შეტევა რუსეთისათვის ძალზე რთული იქნებოდა უახლოეს მომავალაში, სვარაუდოდ, 2009 წელს. რუსეთს საქართველოსთვის უნდა დაერტყა ან 2008 წელს, ან არასოდეს. რუსეთმაც დაგვარტყა. საბაბად გამოიყენა სეპარატისტები, რომლებიც სწორედ ამ მიზნებისთვის იყვნენ გამოგონილი და დაარსებული თითქმის საუკუნის წინ.
თვით აფხაზეთისა და შიდა ქართლის ნაწილის ანექსია არ არის გამპოწვეული მხოლოდ რუსეთის ტერიტორიული გაფართოების სურვილით. ანექსია არის ბერკეტი საქართველოში ქმედითუნარიანი სახელწიფოს ლიკვიდაციისათვის. ეს კი, თავის მხრივ, სჭირდება რუსეთის სამი ძირითადი მიზეზის გამო. პირველი - კასპიის ზღვის რეგიონსა და დასავლეთს შორის ენერგორესურსების მიწოდების გზების გადაკეტვა. ამის მიღწევის შემთხვევაში ცენტრალური აზიის ქვეყნები და აზერბაიჯანი მთლიანად რუსეთის ხელში აღმიჩნდებოდნენ; მეორე - რუსეთის ყოფილი კოლონიების გაფრთხილება, რომ დასრულდა რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პერიოდი; მესამე - მთელი მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირება, რომ რუსეთი კვლავ ის სახიფათო და სასტიკი ძალაა, როგორიც იყო მე-18 საუკუნიდან.

Комментариев нет: